საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი ტორონტოს უნივერსიტეტის გლობალურ
ურთიერთობათა და საჯარო პოლიტიკის მანკის სკოლის ევროპის შესწავლის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილე კანადელ სტუდენტებს ესაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე, მიმდინარე რეფორმებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.
აღსანიშნავია, რომ უკვე 5 წელია, რაც ტორონტოს უნივერსიტეტის ევროპის შესწავლის პროგრამის სტუდენტები, საკურსო ნაშრომის პირველადი კვლევის ჩასატარებლად, ყოველწლიურად სტუმრობენ საქართველოს და შეხვედრებს მართავენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. მათი ინტერესის საგანს ევროკავშირისა და მასში გაწევრების მსურველი ქვეყნების, განსაკუთრებით კი, საქართველოს თემატიკა წარმოადგენს.
პროგრამის 7 სტუდენტი, პროგრამის ხელმძღვანელ რობერტ ოსტინთან ერთად თბილისში 18-დან 24 თებერვლამდე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებში.

















