საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის
მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებითი დინამიკა, ასევე, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე, საუბარი შეეხო, ახლო მომავალში, ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების პერსპექტივებს.
მინისტრმა სიიარტომ კვლავ დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი.
საქართველოს ელჩმა მინისტრს ნაყოფიერი შეხვედრისა და უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

















