საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. ამის შესახებ ბესელიამ
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩემთვის რთულია იმის თქმა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად დავაფუძნე. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა,"- განაცხადა ბესელიამ.
მისი განმარტებით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერება ის პრინციპული საკითხი იყო, რომელზეც გუნდის სხვა წევრებთან შეთანხმება ვერ მოხდა.
შეგახსენებთ, 21 თებერვალს, კანონპროექტს მხარი 45 დეპუტატმა დაუჭირა, 17 კი წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.

















