საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში, გიორგი შარვაშიძემ, „Eurojust”-ის პრეზიდენტთან,
ლადისლავ ჰამრანთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოსა და “Eurojust”-ს შორის შეთანხმების გაფორმების შესახებ იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ამ პროცესის მიმდინარეობა და პროცედურული საკითხები.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 14 თებერვალს ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე კენჭი უყარა და დაამტკიცა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი „Eurojust“-ის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე. საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც “Eurojust”-ი შეთანხმებას გააფორმებს.
„Eurojust“-ი ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანოა, რომლის ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ და ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის კოორდინაცია. საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმება, ინფორმაციის გაცვლას შესაბამის უწყებებს შორის, აგრეთვე, მეკავშირე ოფიცრების ან მეკავშირე მაგისტრატების დანიშვნას
ითვალისწინებს.

















