საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთის რესპუბლიკაში
ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ თანამშრომლობის დეკლარაციის „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაარსების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას მიესალმება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ ინიციატივას საფუძველი 2018 წლის მაისში, საფრანგეთის, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩაეყარა.
„ფორმატის დაარსება ხაზს უსვამს საქართველოსა და საფრანგეთს შორს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, რაც განპირობებულია გააქტიურებული ორმხრივი თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადაყვანის საჭიროებით და ატარებს როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დატვირთვას“-აცხადებენ საგარეო უწყებაში.
დიალოგი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: პოლიტიკა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა და ვაჭრობა; განათლება, მეცნიერება და კულტურა.
დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა უახლოეს ხანში პარიზში გაიმართება. „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მომდევნო შეხვედრები კი წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით, თბილისსა და პარიზში ჩატარდება. დიალოგის თანა-თავმჯდომარეები საქართველოს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან.
ქართულ-ფრანგული დიალოგი 1942 წელს ელ-ალამეინში დაღუპული ფრანგული საგარეო ლეგიონის ქართველი ოფიცრის, დიმიტრი ამილახვარის სახელს ატარებს.

















