რუსეთთან ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივის მოტივებს, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი არასერიოზულად მიიჩნევს.
მისი თქმით, აღნიშნული სავიზო რეჟიმი სტიმული მხოლოდ ტურისტებისთვის იქნება.
"საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ამით ბიზნესს შევუწყობთ ხელს ან უფრო მეტ ინვესტიციებს მოვიზიდავთ, რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია. თუ რომელიმე ინვესტორი მხოლოდ იმიტომ არ ახორციელებს სხვა ქვეყანაში ინვესტიციას, რომ ვიზის აღება უჭირს, ასეთი გაჭირვებული ინვესტორი სჯობს, ისევ თავის სამშობლოში დარჩეს",- განუცხადა "ნიუსპრესს" სოსო ცისკარიშვილმა.
მან ცალმხრივად უვიზო რეჟიმის პირობებში უსაფრთხოებაზეც გაამახვილა ყურადღება.
"სავიზო რეჟიმი, როგორც ინსტრუმენტი როგორც ჩანს, მკაფიოდ გაგებული არ არის ჩვენი ხელისუფლების მიერ და თვლიან, რომ ეს მხოლოდ ტურიზმისთვის ხელშემშლელი ფაქტორია. სახელმწიფო ინტერესების დაცვის მექანიზმად მას არ აღიქვამენ. საფრთხის შემცველობა რასაკვირველია არსებობს,"- განაცხადა ცისკარიშვილა.
პრეზიდენტი რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით პარლამენტში გუშინ გამოვიდა.

















