გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან
ურთიერთობის კოორდინატორი, დირკ ვეისი საქართველოს პროგრესს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში უაღრესად დადებითად აფასებს.
ამის შესახებ დირკ ვეისემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საქართველო რეფორმებითა და გატარებული ძალისხმევით აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის ლიდერ პოზიციას იკავებს. ამ მხრივ, ფორმატის 10 წლისთავს, მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას გაესვა ხაზი.
აღინიშნა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავზე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატის შედეგები შეფასდეს და ასევე სამომავლო გეგმები დაისახოს, რომელიც ფორმატში ჩართული ქვეყნების ძალისხმევასა და მათ ინტერესებზე იქნება დაფუძნებული.
საუბარი ასევე გერმანიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარის პრიორიტეტებს შეეხო.
მინისტრმა გერმანელ დიპლომატს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და რუსეთთან ურთიერთობის არსებული ფორმატების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გერმანიის, როგორც ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოს, მხარდაჭერის კონსოლიდაციას.

















