საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გონიოში ავეჯის მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.
როგორც პრეზიდენტმა ქარხანაში სტუმრობისას აღნიშნა, საწარმო საკმაოდ კარგ და გემოვნებიან ავეჯს ამზადებს.
მისი თქმით, საქართველოში ამერიკული ინვესტიციით სპეციალური მასალების ქარხნის გახსნა იგეგმება.
მისი თქმით, საქართველოსთან შედარებით, იტალიის საწარმოებში ბევრად უფრო მაღალი ხელფასებია, თუმცა, იქ ზაფხულში არ მუშაობენ.
„აგვისტოში ვერცერთ იტალიელს ვერ ამუშავებ. იქ არ ეჩქარებათ, მაგრამ ჩვენ გვეჩქარება, რადგან ხალხი გვყავს დასასაქმებელი. საქართველოში იტალიელები რატომ უნდა დავასაქმოთ, აქ ანგისელები, ბარცხანელები, მახინჯაურელები უნდა დასაქმდნენ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ადგილობრივებმა საქართველოში სხვადასხვა საწარმოების გახსნით უნდა ისარგებლოს.
„მოსახლეობას პროდუქტები გაუძვირდა, ამიტომ, ყველაზე გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომ პროდუქტების ფასი რაღაცით მაინც შევუმსუბუქოთ, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე კარგი სოციალური პროგრამა მაინც დასაქმებაა“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
ავეჯის ქარხანა აზერბაიჯანული ინვესტიციით აშენდა. საწარმოში 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

















