საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აჭარის დასაქმების სააგენტოს ეწვია და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
როგორც პრეზიდენტმა სააგენტოში სტუმრობისას აღნიშნა, დღეს სამშენებლო სფეროში ელექტროეშემდუღებლების საჭიროებაა.
მისი თქმით, ქუთაისის პარლამენტის მშენებლობაზე დასასაქმებლად ელექტროშემდუღებლები სწორედ ბათუმიდან წაიყვანეს. ბიზნესმენებს მშენებლობებზე მუშახელი ბათუმის გადამზადების ცენტრიდან მიჰყავთ.
„საჭიროა, უმუშევრების ტესტირება შემოვიღოთ, რომ დასაქმების მუსრველთა სრული ბაზა გვქონდეს. სამსახურის ყველა მაძიებელს თავისი „ფეისბუქის“ გვერდი და მერიაში თავისი შესაბამისი უჯრა უნდა ჰქონდეს, რადგან როგორც კი სამუშაო ადგილი გამოჩნდება, კომპანია და დასაქმების მაძიებელი ერთმანეთს მაშინვე დავუკავშიროთ“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ მშენებლობის სექტორში ბათუმში მუშახელი ძირითადად, თურქეთიდან შემოჰყავდათ, ახლა კი ამის საჭიროება აღარ უნდა იყოს.
„თბილისში ზოგიერთ ობიექტზე ჩინელები მუშაობენ. მესმის, რომ ჩინეთს საექსპორტოდ თავისი მუშახელი სჭირდება, მაგრამ ჯერ ჩვენი ხალხი გვყავს დასასაქმებელი. ამიტომ, ამ მიმართულებით ყველამ უნდა ვიმუშაოთ“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ბათუმს, პრეზიდენტის განცხადებით, ქალაქი ევროპის მასშტაბით საგანმანათლებლო ცენტრი ხდება, რადგან იქ აღმოსავლეთ ევროპაში პირველად, სრულფასოვანი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაიხსნება.
„საბოლოოდ იმ ეტაპამდე მივდივართ, რომ ევროკომისია ალბათ ისეთ ევროპულ უნივერსიტეტს გახსნის, როგორიც ბელგიასა და ბრიუსელშია. ბათუმი რეგიონული განათლების ცენტრი ხდება. მესმის, რომ დღეს შემდუღებლებს ვეძებთ, მაგრამ აღნიშნული უნივერსიტეტისთვის მომავალში მათემატიკოსებიც დაგვჭირდება“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, უფრო მარტივად დასაქმებისთვის მოსახერხებელია, რომ მოქალაქეს ინტერნეტში „ფეისბუქის“ გვერდი და თავისი დასაქმების ბაზა ჰქონდეს, სწორედ ამიტომ „კომპიუტერის გამავრცელებელი საზოგადოების“ მიერ ინტერნეტი ყველა სოფელში გავრცელდება.
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ საყოფაცხოვრებო საწარმოსაც ეწვია, რომლის მიერ წარმოებული ინვენტარი სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“ მიერ აშენებულ საცხოვრებელ სახლში განთავსდება.

















