საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხათუნა სალუქვაძე ლიეტუვის
განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრს, ალგირდას მონკევიჩიუს შეხვდა. შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
საქართველოს ელჩმა მადლიერება გამოხატა ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო სტიპენდიებისთვის, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისათვის ყოველწლიურად გამოყოფს ლიეტუვის მხარე. ხაზი გაესვა, რომ ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ ლიეტუვაში მიიღონ განათლება როგორც სრულ სამაგისტრო, ასევე გაცვლით პროგრამებზე, ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე და ლიტუანისტიკის სასწავლო პროგრამებზე.
ამასთან, შეხვედრის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მოქალაქეებისთვის ლიეტუვაში სასწავლებლად სახელმწიფო სტიპენდიების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საელჩოს ინიციატივით ვილნიუსის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენის კურსების ფუნქციონირებას და აღინიშნა ლიეტუველი ახალგაზრდების მაღალი ინტერესი ქართული ენისა და კულტურისადმი.
საქართველოს ელჩმა, ასევე, შეხვედრა გამართა განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ლიეტუვური ენის საზღვარგარეთ სწავლების სამმართველოს წარმომადგენლებთან და მადლობა გადაუხადა სამმართველოს თანამშრომლებს საქართველოში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის საქმიანობის წარმატებული ადმინისტრირებისათვის.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი. აღნიშნული ცენტრი, სადაც სამოცდაათამდე საქართველოს მოქალაქე ეუფლება ლიეტუვურ ენას, ლიეტუვის განათლების სამინისტროს დაფინანსებითა და ქართული მხარის მხარდაჭერით, წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე.

















