საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი სამუშაო ვიზიტით
სტუმრობს პოლონეთის რესპუბლიკას, სადაც მონაწილოებას იღებს პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდ სამრეწველო ფორუმში- „Build4Future”.
ფორუმის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა ვიელკოპოლსკას რეგიონის მარშალთან (გუბერნატორი) მარეკ ვოჟნიაკსთან. შეხვედრის მიზანი რეგიონალურ დონეზე, საქართველოსა და პოლონეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ადგილობრივი თვითმმართველობის პოლონური მოდელის გაცნობა იყო.
მინისტრის მოადგილემ ასევე შეხვედრა გაიმართა პოლონეთის ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან (პირველი მოადგილე) არტურ სობონთან. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, მათ შორის ერთობლივი საწარმოების შექმნისა და ტურიზმის სფეროს განვითარების საკითხებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვიელკოპოლსკას რეგიონის განვითარების ფონდის ორგანიზებით ქალაქ პოზნანში გაიმართა ბიზნეს ფორუმი “DOING BUSINESS IN GEORGIA”. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე, საქართველოში პოლონური ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობაზე და ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის წარმოების შესაძლებლობაზე.
ფორუმის ფარგლებში, გაიმართა პრესს-კონფერენცია, სადაც ქართულმა დელეგაციამ პრესას გააცნო პოლონეთში ვიზიტის მნიშვნელობა და მიზნები, ასევე მიმოხილული იქნა საქართველოსა და პოლონეთს შორის ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა პატივი მიაგო პოზნანის იუნიკოვოს სასაფლაოზე ქართველი იუნკერის, პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის, ვიცე-პოლკოვნიკის პლატონ თაყაიშვილის (1899-1955) და მისი მეუღლის, იანინა თაყაიშვილის ხსოვნას.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იმერეთის რეგიონის და სსიპ „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელობა.

















