საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე კვალიფიციურ სუბიექტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადის შეტანის ვადა 5 აგვისტოს ჩათვლით აქვთ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, კვალიფიციურმა პარტიებმა, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავთ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია არჩევნების დანიშვნის შემდეგ არაუგვიანეს 57-ე დღისა უნდა გაიარონ.
განცხადებას უნდა დაერთოს პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება, ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები და საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის ყოლის დამადასტურებელი საბუთი.
ცესკო-ში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადა 5 აგვისტოს 18:00 საათზე ამოიწურება.
უკვე დასრულებულია არაკვალიფიციური პარტიების განაცხადების მიღება. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 33-მა არაკვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა გამოთქვა.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს ჩატარდება.

















