აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში
საქართველოს მნიშვენლოვანი ადგილი და სამომავლოდ თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები, - ამ თემებს დაეთმო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რესპუბლიკელი სენატორის რონ ჯონსონის შეხვედრის დროს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც ნატო-ში ინტეგრაციის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ მხრივ მაღალი შეფასება მიეცა აშშ-ს კონგრესის მხრიდან ინიცირებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, ცალკეულ რეზოლუციებსა და განცხადებებს, რაც იმის გამოხატულებაა, რომ ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და რეგიონში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზეც ისაუბრეს. სენატორმა დააფიქსირა მზაობა, ხელი შეუწყოს ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ მხარდაჭერის შემდგომ გაძლიერებას, მათ შორის საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცების სახით.

















