წინასაარჩევნო აგიტაციაში რიგ სახელმწიფო მოხელეებს მონაწილეობა ეკრძალებათ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად,
წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა რამდენიმე სახელმწიფო მოხელისა.
კერძოდ კი, აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა ეკრძალება საარჩევნო კომისიის წევრს; მოსამართლეს; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებს; გენერალური აუდიტორს.
ასევე, შეზღუდვა ეხება საქართველოს სახალხო დამცველს; უცხო ქვეყნის მოქალაქესა და ორგანიზაციას; საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს.
ამასთან, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება აკრძალულია აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან; სასამართლოებთან; სამხედრო ნაწილებთან.
გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტის 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პარლამენტს 4 წლის ვადით ირჩევენ.

















