საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ანჟეი ტიშკევიჩი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ დალი ხომერიკს შეხვდა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებ-გვერდის ინფორმაციით, ტიშკევიჩმა დალი ხომერიკს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და საერთო ინტერესებსა და მომავალი თანამშრომლობისთვის შესაძლო სფეროების შესახებ ესაუბრა.
როგორც მისიის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სადამკვირვებლო მისია საკუთარი მანდატის ფარგლებში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, მათ შორის, დევნილთა პრობლემებს მონიტორინგს გაუწევს.
საუბარი ასევე, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა საარსებო საკითხებს, განსაკუთრებით კი, მოსავლის აღებისა და ზამთრისთვის ადრეულ მზადებას შეეხო.
ტიშკევიჩის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კონფლიქტის ზონაში რეგულარულად პატრულირებს და სიტუაციას მონიტორინგს ადგილზე უწევს. მან აღნიშნულ საკითხში გამოცდილება და შესაბამისი ცოდნა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს გაუზიარა.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა სამოქალაქო საზოგადოებას დევნილთა პრობლემების მოგვარების პროექტებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

















