„ახალ საპარლამენტო წელს ვხვდებით კონსტიტუციის ახალი რედაქციითა
და ახალი რეგლამენტით დადგენილი საპარლამენტო კონტროლის გაზრდილი, უფრო ეფექტიანი შესაძლებლობებით“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2018 წელს განხორციელებული საზედამხედველო საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მისი შეფასებითგასული წელი ამ კუთხით, დატვირთული იყო.
„ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელშიც, პირველად ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, წევრთა უმრავლესობით წარმოდგენილი იყო ოპოზიცია. კომისიას ხელმძღვანელობდა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიიღო დასკვნა, ხოლო ამის შემდგომ საქართველოს პარლამენტმაც საკითხთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება გამოხატა. მნიშვნელოვანია, რომ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის გამოძიების პროცესი გრძელდება და ის მკაცრი საპარლამენტო დაკვირვების ქვეშ დარჩება“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 2018 წელს საქართველოს პარლამენტს მთავრობისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები წარედგინა.
პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის მანძილზე შესაბამის უწყებებს 500-მდე სადეპუტატო კითხვა გაეგზავნა, ხოლო კომიტეტებში, გასული წლის მანძილზე, მოქალაქეთა ათასობით განცხადება შემოვიდა და დამუშავდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ახალ საპარლამენტო წელს კონტროლის უფრო ეფექტიანი შესაძლებლობებითა და ინსტიტუციურად გაძლიერებულიხვდება.
„ჩვენ ახალ საპარლამენტო წელს კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და ახალი რეგლამენტით დადგენილი საპარლამენტო კონტროლის გაზრდილი, უფრო ეფექტიანი შესაძლებლობებით ვხვდებით. მათ შორის: ინტერპელაციის დახვეწილი პროცედურით, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებით, დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის გამარტივებული წესით, მინისტრის საათით; კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის მიერ მინისტრის დაბარების უფლებით და სხვა ბერკეტებით, რომლებიც ინსტიტუციურად აძლიერებს პარლამენტს, აძლიერებს საპარლამენტო სუბიექტებს, მათ შორის, ოპოზიციას, ხოლო პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობებს უფრო დახვეწილს ხდის.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს პარლამენტის ფუნქციის გაძლიერება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე ზედამხედველობის მხრივაც. ამ უწყებების კონტროლის საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნდობის ჯგუფის როლი, რომლის მანდატიც ახალი რეგლამენტით დაზუსტდა. ყოველივე ზემოაღნიშნული იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ2019 წელი პარლამენტის საზედამხედველო კომპეტენციების ახლებურად გააზრებისა და განხორციელების ინტენსივობის კუთხით გამორჩეული იქნება“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

















