„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიანი იყოს და ამომრჩეველმა
ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ქვეყნის მიერ არჩეულ კურსს გააგრძელებს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, უმრავლესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების შეფასებისას განუცხადა.
„1-ელი ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით ვითარდება, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება“ - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
მისივე შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გასცენ პასუხი რომელ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება და ასევე, პასუხი იმის, თუ რა კურსით უნდა განვითარდეს ქვეყანა.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიანი იყოს და ამომრჩეველმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ქვეყნის მიერ არჩეულ კურსს გააგრძელებს და რომლის მიზანიც დასაქმების პრობლემის მოგვარება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და სოფლის მეურნების განვითარება იქნება“ - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებას, მმართველი პარტიის წევრის თქმით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კამპანია დღეიდან დაიწყო.
ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ აკონკრეტებენ პარტიის პროპორციული და მაჟორიტარული სიები როდის გახდება ცნობილი.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს ჩატარდება.

















