„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა დღეს პარტიის ჯანდაცვის სისტემის პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
პროგრამა ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ და ჯანმრთელობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ხუციშვილმა წარუდგინეს.
როგორც ალექსანდრე შალამბერიძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, „თავისუფალი საქართველო“ პროგრამაში მსოფლიოში არსებული მოდელებისგან განსხვავებულ,ქართული ჯანდაცვის სისტემის ახალ მოდელს წარადგენს.
მისი თქმით, პროგრამაში საქართველოს მოსახლეობის ეროვნული ინტერესებია გათვალისწინებული, რადგან პაციენტი მაღალკვალიფიციურ უფასო მომსახურებას, ხოლო ექიმი მაღალ ანაზღაურებას იღებს.
პროგრამის მიხედვით, ქვეყანაში სამი სახის მომსახურება იარსებებს. კერძოდ, სახელმწიფო უფასო სამედიცინო მომსახურება - უფასო მკურნალობას ის პაციენტები ექვემდებარებიან, რომლებიც ექიმის ყველა მითითებას ასრულებენ.
პროგრამაში ასევე, სახელმწიფო სადაზღვევო მომსახურებაა გათვალისწინებული, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დაზღვევას დაექვემდებარებიან ის პაციენტები, რომლებიც სახელმწიფო უფასო სამედიცინო მომსახურებაზე ვერ მოხვდნენ და ექიმის მიერ მითითებულ რეჟიმს არღვევენ.
„თავისუფალი საქართველოს“ ჯანდაცვის პროგრამა სახელმწიფო ფასიან მომსახურებასაც ითვალისწინებს, რომელსაც ის კონტიგენტი დაექვემდებარება, რომლებიც სახელმწიფო უფასო და სადაზღვევო სისტემით სარგებლობაზე უარს განაცხადებენ.

















