„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გურჯაანში მოსახლეობასთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთის
რეგიონისადმი გულგრილობაში დაადანაშაულა.
როგორც თარგამაძემ ადგილობრივებთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კახეთის რეგიონს სტიქიური უბედურების გარდა, მთავრობისა და სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ გულგრილობა უტევს.
მისი თქმით, კომპენსაციები, რომლებიც ხელისუფლებამ დაზარალებული მოსახლეობისთვის გასცა, მათი პრობლემების გადასაწყვეტად საკმარისი არაა.
მისი განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკა სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით უპასუხისმგებლოა, რამაც კახელი გლეხი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა.
„კახეთს მხოლოდ სტიქიური უბედურება არ უტევს, კახეთს ჩვენი ქვეყნის მთავრობის გულგრილობა და აბსოლუტური უპასუხისმგებლობა უტევს, რომელმაც საქართველოში სოფლის მეურნეობის ფაქტობრივად ყველა დარგი გააჩანაგა. ამის მაგალითი კახეთია, რომელსაც სტიქიის ეშინია“ - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქართული სოფლის მიზანმიმართული და თანმიმდევრული გაჩანაგების პოლიტიკას კიდევ ერთხელ იმკის.

















