"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში რუსული ინვესტიციების ჩადება მიუღებელია.
ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩახვაძემ დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსული ინვესტიციების შემოსვლით საქართველო ეკონომიკური კუთხით საკუთარ ქვეყანაში სტუმარი აღმოჩნდება.
"ისედაც ზომაზე ფართოდ გავუღეთ კარი რუსეთის კაპიტალს ჩვენს ბაზარზე. საქართველოში დამატებითი რუსული კაპიტალის მოძიებაზე საუბარი ჩვენს ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის არსენალში საქართველოს წინააღმდეგ არა მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენების პოტენციალი, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური აგრესიის ელემენტებიც იმალება", - განაცხადა ჩახვაძემ.
მისივე განმარტებით, ყველა უცხოური ქვეყანა რუსული ბიზნესის საკუთარ ქვეყანაში შედინებას ფრთხილად ეკიდება, რადგან რუსული კაპიტალის უკან ყოველთვის რუსეთის სახელმწიფო დგას.

















