„ლეიბორისტული პარტიის“ აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევადნაძისგან წერილობითი ჩვენების გამოქვეყნებას მოითხოვს.
როგორც ჯიბლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ლეიბორისტულ პარტიაში“ შევარდნაძის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნით შეშფოთებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი იქამდე მივიდა, რომ სააკაშვილის შექმნაც „ლეიბორისტულ პარტიას“ დააბრალა.
„შევარდნაძისგან მოვითხოვთ წერილობითი ჩვენების გამოქვეყნებას, თუ როგორ შეახვედრა კალიფორნიის სომხურმა ლობმა „პეტერსონ ბელქნაფ“-ში 1994 წელს სააკაშვილს, რა ფინანსური და სხვა სახის გარანტიები მიიღო მათგან, ვინ აძალებდა ვაშინგტონიდან სააკაშვილის გაძლიერებასა და ხელისუფლებაში მოყვანას“ - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.
მისი თქმით, პარტია ედუარდ შევადნაძისგან იმის განმარტებასაც მოითხოვს, თუ რამდენჯერ გასცა მან ბრძანება არჩევნების გასაყალბებლად სააკაშვილის სასარგებლოდ და „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ.
ჯიბლაძის განცხადებით, კომისია შევადნაძის საქმიანობის შესწავლას კვლავაც გააგრძელებს და მოპოვებულ კონკრეტულ ფაქტებს საზოგადოებას წარუდგენს.

















