საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“ ალტერნატიული „კარდაკარის“ შედეგებს დღეს გაასაჯაროებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს „ამომრჩეველთა ლიგის“ ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ლიგის მიერ „კარდაკარის“ შედეგები უკვე შეჯამდა და დღეს საზოგადოებას სრულად მიაწვდის ინფორმაციას აღმოჩენილი დარღვევების შესახებ.
ამასთან, გუნცაძე ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ საზოგადოებისთვის აქტუალურ კითხვებს კონკრეტული პასუხები გასცენ, კერძოდ - რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, რამდენი ადამიანია გასული ქვეყნის გარეთ, ასევე, რამდენია მიწერილი ან დაუზუსტებელი ამომრჩეველი.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიამ „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაცია გუშინ გამართა.
პროექტის ფარგლებში 3 483 142 ამომრჩევლის მონაცემი გადამოწმდა. ამათგან, ზუსტია 2 160 608 მონაცემი, დაზუსტებები შევიდა 39 426 პირად მონაცემში, სიაში გამოტოვებულია 72 ამომრჩეველი, გარდაცვლილია 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 471 ამომრჩეველი,
რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156 ამომრჩეველი, შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო 183 621-თან კონტაქტი ვერ დამყარდა.

















