კამპანია "ეს შენ გეხებას" მხარდამჭერებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე აქტიურობის საშუალება არ მიეცათ. ამის შესახებ "ნიუსპრესს" კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამარ გურჩიანმა განუცხადა.
გურჩიანის ინფორმაციით, კამპანია "ეს შენ გეხებას" სურდა პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, "ფეისბუქზე" მის ოფიციალურ გვერდზე, სადაც გამოსვლა ლაივსტრიმით გადაიცემოდა, კაპმანიის მხარდამჭერებს კომენტარებისა და მოსაზრებებს დატოვების საშუალება ჰქონოდათ.
ასევე, კამპანიის ორგანიზატორებს სურდათ, ეს საკითხები პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე მისულიყო და მათ შემდგომ რაიმე ფორმით რეაგირება მოეხდინათ. თუმცა, როგორც გურჩიანმა აღნიშნა, ადმინისტრაციის მხრიდან აღნიშნული მოსაზრებები და კომენტარები არავის აინტერესებდა.
"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მობილიზებული იყო გარკვეული ჯგუფი, რათა სრულიად უსაგნო მსჯელობა გაემართა. თანაც ეს ელვის სისწრაფით ხდებოდა, იმის გამო, რომ აზრიანი და მნიშვნელოვანი კომენტარები აღარ გაკეთებულიყო. ჩვენმა მხარდამჭერებმა იქ ვერანაირი კვალი ვერ დატოვეს" - განაცხადა თამარ გურჩიანმა "ნიუსპრესთან" საუბრისას.
მან ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის ლაივსტრიმით გადაცემა მხოლოდ მის პიარს ემსახურებოდა. მისი ტრანსლაცია "ფეისბუქზე" მხოლოდ 1 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა და დებატების დაწყების შემდეგ შეწყდა.
კამპანია "ეს შენ გეხებას" ორგანიზატორებმა გუშინ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშრებით "ფეისბუქის" მხარდამჭერების მობილიზება მოახდინეს, მათ ლაივსტრიმში ჩართვისკენ მოუწოდეს და პრიორიტეტული საკითხების ნუსხაც მიაწოდეს.

















