თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კოკი იონათამიშვილი საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ წევრის
ზაზა გაბუნიას ბრალდებას უარყოფს.
როგორც იონათამიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის ბიუჯეტი სწორედ თბილისელების სოციალური პრობლემების მოგვარებას ხმარდება.
მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტში ცვლილებებს წლის განმავლობაში სისტემური ხასიათი აქვს.
„ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მლნ-ზე მეტი მოქალაქე დაზღვევას მიიღებს, ამიტომ, ეს ყველაფერი თბილისის ბიუჯეტიდან კორექტირებას საჭიროებდა. მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა თბილისიდანაც დაზღვეულია. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ ერთი და იგივე ადამიანი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან იყოს დაზღვეული“- განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.
რაც შეეხება სოციალურ პროგრამებზე განკუთვნილ თანხებს, იონათამიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით ბიუჯეტი არ შემცირებულა, ის შენარჩუნებული და გაზრდილია.
„2015 წლისთვის თბილისი მნიშვნელოვან ღონისძიებას - ახალგაზრდულ ოლიმპიადას მასპინძლობს. იმისთვის, რომ ახალგაზრდული სოფელი მზად იყოს, გარკვეული სამუშაოებია ჩატარებული, თუმცა, სოციალურ ბიუჯეტს არცერთი ლარი არ დაკლებია“ - აღნიშნა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება 2,5 მლნ მოქალაქის დაზღვევამ გამოიწვია.
ზაზა გაბუნიამ დღეს ხელისუფლება ბიუჯეტის საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე მორგებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში 30 ივნისს შესული ცვლილებების თანახმად, 40 მილიონი ლარი კულტურული და სპორტული პროგრამების განსახორციელებლად გამოიყო.
მისი თქმით, 5 მილიონ ლარზე მეტი ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოებს, ხოლო 3 მილიონამდე ლარი სოციალური პროგრამების განხორციელებას მოაკლდა.

















