პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ გაწეული
სამუშაოების შედეგად, არჩევნების დროს მთავარი პრობლემა, რომელიც გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენდა, აღმოფხვრილია. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
„აღმოფხვრილია ყველა ხარვეზი, რაც კომისიის მუშაობის დროს გამოვლინდა. რჩება კიდევ ერთთვიანი ვადა, როდესაც ყველა მოქალაქეს შეუძლია სიებში ყველა დარჩენილი ხარვეზი გამოასწოროს“ - განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ზოგიერთი პოლიტიკური ძალის უნდობლობას სიების დაზუსტების კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ „პოლიტიკური პოზაა“.
„რა თქმა უნდა, მომგებიანია არ აიღო პასუხისმგებლობა, დადგე კრიტიკულ პოზაში და მიიღო მეტი სარგებელი“ - განაცხადა გამყრელიძემ და იქვე დასძინა, რომ „ახალ მემარჯვენეებს“ პოლიტიკური გამოცდილება კარნახობს, რომ ოპოზიციას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უნდა შეეძლოს.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ პროექტ „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაცია დღეს გამართა. „კარდაკარის“ პროგრამის შედეგები ასეთია - ამომრჩეველთა ერთიან სიაში „კარდაკარის“ პროექტის ფარგლებში 3 483 142 ამომრჩევლის მონაცემი გადამოწმდა. ამათგან, ზუსტია 2 160 608 მონაცემი. დაზუსტებები შევიდა 39 426 პირად მონაცემში. სიაში გამოტოვებულია 72 ამომრჩეველი. გარდაცვლილია 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 471 ამომრჩეველი.
რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156 ამომრჩეველი, შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო 183 621-თან კონტაქტი ვერ დამყარდა.

















