პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ გაწეულმა სამუშაომ საარჩევნო სიებთან
დაკავშირებით სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.
ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს, კომისიის მიერ „კარდაკარის“ პროგრამის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადა.
„საარჩევნო სიების თემა საქართველოში ყველა არჩევნების დროს ტრადიციულად, ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა იყო. ამის გათვალისწინებით კი, ძალიან მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რომელიც კომისიამ არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ჩაატარა. ვფიქრობ, ეს ერთხელ და სამუდამოდ წერტილს უსვამს ნებისმიერი სპეკულაციას - რამდენად ზუსტია საარჩევნო სიები“ - მიაჩნია ბაქრაძეს.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამომრჩეველთა ზუსტი სიები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უკეთ ორგანიზებისა და დემოკრატიულად ჩატარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
„დღეის მდგომარეობით, შესრულებული სამუშაო იძლევა რწმენას და იმედს, რომ საარჩევნო სიები არის ზუსტი და საქართველოში ეს არჩევნები ჩატარდება ისე, რომ არც ერთ ობიექტურ პირს სიზუსტესთან დაკავშირების შეკითხვა არ გაუჩნდება“ - განაცხადა სპიკერმა.
ბაქრაძემ სახელმწიფო კომისიას მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიასთან, არასამათავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მუშაობა გააგრძელონ, რათა სიაში ყველა შესწორება აისახოს.
კარდაკარის“ შედეგები ასეთია - ამომრჩეველთა ერთიან სიაში „კარდაკარის“ პროექტის ფარგლებში 3 483 142 ამომრჩევლის მონაცემი გადამოწმდა. ამათგან, ზუსტია 2 160 608 მონაცემი. დაზუსტებები შევიდა 39 426 პირად მონაცემში. სიაში გამოტოვებულია 72 ამომრჩეველი. გარდაცვლილია 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 471 ამომრჩეველი.
რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156 ამომრჩეველი, შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო 183 621-თან კონტაქტი ვერ დამყარდა.

















