დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი
გაიმართა თემაზე: „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი - შესაძლებლობები და გამოწვევები’’.
შეხვედრაზე განიხილეს „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის ძირითადი დებულებები, რომელიც USAID-ის მთავრობის შესაძლებლობათა ზრდის მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ ბუაძემ წარმოადგინა. მან კანონპროექტის მიზანსა და რეგულირების სფეროზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული კომერციის სექტორი სპეციალური მარეგულირებელი კანონის გარეშე ფუნქციონირებს და აღნიშნული სფერო გარკვეულწილად სხვადასხვა კანონის ცალკეული დებულებებით არის მოწესრიგებული. მომხსენებლის თქმით, კანონმა უნდა უზრუნველყოს შუალედური მომსახურების მიმწოდებლების (ISP) უფლებებისა და ვალდებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა. ასევე, დოკუმენტი ხელს შეუწყობს და გაამარტივებს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.
კანონპროექტის სამუშაო ვერსია შემუშავდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ‘’მმართველობა განვითარებისთვის’’ (G4G) პროექტის მხარდაჭერით.
დეპუტატებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს შენიშვნები. შეხვედრაზე გამოიკვეთა განსხვავებული მოსაზრებები კანონპროექტის ცალკეულ დეტალსა და ზოგადად მის საჭიროებასთან დაკავშირებით.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ შეხვედრის დასრულებისას მონაწილეებს მოუწოდა წერილობით წარმოადგინონ გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები, რომელთა შესახებაც ამ თემაზე მეორე შეხვედრისას განაგრძობენ მსჯელობას.
შეხვედრაში დეპუტატებთან ერთად მონაწილეობდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
დიალოგი გაიმართა ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით.

















