საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.
პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებოდნენ.
სააკაშვილის განცხადებით, თითოეულ მათგანს პრეზიდენტის ინიცირებული მედალი გადაეცემა.
„მთელი საქართველოს სახელით, კახეთისა და კახელების სახელით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გასაჭირს ჟამს, ომში თუ მშვიდობაში, ჩვენი ხალხის პირველი დამხმარე, თითოეული ადამიანის მხარში მდგომი, ჩვენი შეიარაღებული ძალები და თითოეული თქვენგანია“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც კახეთს სტიქიური უბედურება დაატყდა თავს და მატერიალური ზარალის თვალსაზრისით იმ ზიანს არ ჩამოუვარდებოდა, რომელიც 2008 წლის ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ მიაყენა ქვეყანას, სამხედრო მოსამსახურეები კახეთში რამდენიმე საათში ჩავიდნენ.
„რამდენიმე ათასი სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა. განადგურდა ვენახების დიდი ნაწილი, მაგრამ სტიქიიდან რამდენიმე საათში დაიწყო აღდგენისა და აღმშენებლობის სამუშაოები. საქართველოში მთავარი ფასეულობა ხალხის სოლიდარობა, ერთმანეთის მხარში დგომაა და ეს არავინ იცის ისე კარგად, როგორც იციან კახელებმა“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის უწყების სხვადასხვა ქვედანაყოფის 2000-მდე წარმომადგენელი იყო ჩართული. ასევე, მეოთხე და მეხუთე ქვეითი ბრიგადები, სამშენებლო ბრიგადა, საინჟინრო ბატალიონი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის კადრირებული ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ათასზე მეტი რეზერვისტი. მობილიზებული იყო 200-მდე ერთეული სპეციალური და ავტოტექნიკა.
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, კახეთის მოსახლეობის დასახმარებლად, ასევე ამოქმედდა საველე ჰოსპიტალი. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალი დაზარალებულ მოსახლეობას მომსახურებას ანაზღაურების გარეშე უწევდა.

















