თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმზე
პლენარული სესიების შემდეგ პარალელური სესიები გაიმართა. მეორე პარალელურ სესიას, რომელიც ბიზნეს დიალოგს დაეთმო, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უძღვებოდა.
სესიაზე იმსჯელეს ბიზნესსექტორის ჩართულობაზე როგორც ქველმოქმედებაში, ასევე ზოგადად, ინოვაციური დაფინანსების პლატფორმებში.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია არსებობდეს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც სტიმულს მისცემს ბიზნესს როგორც ფინანსური, ასევე სხვა კუთხით, რომ იგი ჩაერთოს სხვადასხვა ტიპის ჰუმანიტარულ თუ განვითარებად დახმარებაში. ასევე განვიხილეთ ფინეთის, კანადის და საფრანგეთის მაგალითები, თუ როგორ არიან ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლები ინოვაციური დაფინანსების მოდელებში, როგორ ხდება სოციალურად ორიენტირებული საინვესტიციო პორტფოლიოების მართვა ევროკავშირის პროგრამების მაგალითებზე“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, სესიის ფარგლებში შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც უკვე თბილისის საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის 2018 წლის საერთო ანგარიშის დოკუმენტში იქნება შესული, ხოლო საბოლოო დოკუმენტის მიღება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

















