საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში ირანის ისლამური
რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდისთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული, მათ შორის ბოლო პერიოდში საკონსულო და საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე შესაბამისი ინფორმაცია და მონაცემები გაიცვალა, ასევე, განხილული საკითხების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შემდგომი გეგმები დაისახა.
აღინიშნა, რომ შეხვედრისას მიღებულმა ინფორმაციამ განსახილველ საკითხებში სიცხადე შეიტანა. ორივე მხარემ მზადყოფნა გამოხატა, რომ საკონსულო სფეროებში შემდგომ კოორდინაციას აქტიურად შეუწყონ ხელი.

















