პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილი ზოგადი გარდამავალი პერიოდი მომავალი წლის 31 დეკემბრამდე ხანგრძლივდება.
საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ კომიტეტის წევრებს განუმარტა წარმოდგენილი ცვლილების არსი. კერძოდ, 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად ახლებურად მოწესრიგდა საჯარო სამსახურის სისტემა, განისაზღვრა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა სამართლებრივი სტატუსი, ჩამოყალიბდა არაერთი ახალი ინსტიტუტი და საჯარო სამსახურის სათანადოდ ფუნქციონირების მექანიზმი. საჯარო სამსახურის სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, კანონის სიახლეების პრაქტიკაში სათანადოდ განხორციელებისა და ხსენებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი. თუმცა, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ჩატარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციური ანალიზი, რის შედეგადაც გამოიკვეთა მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც უკავშირდება საჯარო სამართლის იურიდული პირების ავტონომიურობას, რაოდენობრივ სიჭარბეს, უფლებამოსილებების გამიჯვნის და ფუნქციონირების საკითხებს. გარდა ამისა, მოხელეთა სერტიფიცირების ტექნიკურ-პროგრამული უზრუნველყოფა და სერტიფიცირების გამართული სისტემის შექმნა მოითხოვს დამატებით დროს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარდამავალი პერიოდი გახანგრძლივდეს 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებას და საკითხის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

















