პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ახალგაზრდა
და ღვაწლმოსილი მეცნიერების დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო, რომელთაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო გადაეცათ. გამარჯვებულები კონკურსის გზით გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მარიამ ჯაშმა წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ნომინაციაში ჯილდო სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე მეცნიერს, ვახტანგ ჭარაიას გადასცა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ქართველ მეცნიერებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერების ხელშეწყობა და სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესება. ევროკომისიასთან და ჰორიზონტ 2020-თან ერთობლივი თანამშრომლობით ჩვენ შემუშავებული გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, თუ ეტაპობრივად როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ქართული მეცნიერების შესაძლებლობები. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ასევე მსოფლიო ბანკის რეკომენდაციას მივუახლოვდებით, რომ მთლიანი შიდა პროდუქციის სულ მცირე 1% იყოს უზრუნველყოფილი კვლევებისა და მეცნიერების ხელშესაწყობად,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

















