საქართველოს საელჩოს ორგანიზებით სასტუმრო „Shangri-La’s Eros Hotel“-ში (Café Lawn, Open Garden)
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ ძულიაშვილმა სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში ელჩმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ფასეულობებსა და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე ისაუბრა.
არჩილ ძულიაშვილმა, ასევე, თანამედროვე საქართველოში არსებული ვითარება, ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევები მიმოიხილა.
მიღების ფარგლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ფოტო-გამოფენა გაიმართა.
საღამოს ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ქართული ღვინო და სამზარეულო დაეგემოვნებინათ.
ღონისძიებას ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთის მიმართულების მდივანი (მინისტრის მოადგილე), ა. გიტეშ სარმა (Mr. A. Gitesh Sarma, Secretary (West, ) და ინდოეთის მთავრობის სხვა წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს წრეების, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები და საქართველოს საპატიო კონსულები ესწრებოდნენ.

















