ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების
თანათავმჯდომარეებთან, ტოივო კლაართან, ჯიჰან სულთანოღლუსთან და რუდოლფ მიხალკასთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობას შეეხო. ქართულმა მხარემ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში კონსტრუქციული მონაწილეობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ხაზი გაუსვეს ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის დისკუსიებში. აღინიშნა, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე შედეგის მისაღწევად.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელოვან როლს ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.
აღინიშნა, რომ ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მუშაობა ძირითადი პრინციპებისა და ადგილზე მოქმედი წესების სრული დაცვით დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს.
მომავალ კვირას, 11-12 დეკემბერს, დაგეგმილია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 46-ე რაუნდის გამართვა.

















