ქალაქ მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდრ
ლუკაშენკოსთან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში დადებითად შეფასდა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რა დროსაც ლოგისტიკის სისტემის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ინიციატივებზე ყურადღება გამახვილდა. საქართველოს ელჩმა ბელარუსის პრეზიდენტს მინსკში საქართველოს სავაჭრო სახლის გახსნის იდეის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა, რომლიც მომავალ წელს გაისხნება და მასში ქართული ღვინო და პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის დარგში. ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სფეროში ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე, მათ შორის გამოცდილების გაზიარების მხრივ. აღინიშნა, რომ ამჟამად საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში წარმატებით საქმიანობს 15 ბელარუსი ქირურგი, ხოლო დაახლოებით 150 ქართველი მედიცინის დარგში პროფესიული განვითარებისათვის ბელარუსში სწავლობს.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირები განიხილეს და მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას ხელი შეუწყონ. ამ მხრივ საქართველოში ბელარუსი ტურისტების ზრდის ტენდენცია აღინიშნა.
ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურმა ელჩს საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.

















