ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით
ზალკალიანი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, შეხვედრამ უაღრესად პოზიტიურად ჩაიარა და საქართველომ პოზიტიური შეფასებები კიდევ ერთხელ მიიღო, როგორც უშუალოდ მინისტერიალის ჩართულობის, ასევე საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით.
“ძალიან კარგი შეხვედრა იყო, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეხვედრამდე გვქონდა მისი უაღრესად პოზიტიური შეფასებები და მოლოდინები საქართველოსთან დაკავშირებით, კერძოდ მინისტერიალის კონტექსტში და იმ თემებზე, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთანაა დაკავშირებული. ძალიან პოზიტიური შეფასება გვაქვს ყველა იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც თავდაცვის, უსაფრთხოების, დემოკრატიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით ხორციელდება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს ალიანსში წევრობისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს. შესაბამისად, საუბარი შეეხება ნატო-ში ინტეგრაციასთან ჩვენს მოლოდინებს, ბუნებრივია, აუცილებელია, რომ ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებები ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში და ჩვენ ინტეგრაციის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ,“ -განაცხადა დავით ზალკალიანმა შეხვედრის კომენტირებისას.
მისი თქმით, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, ისევე როგორც ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას, რუსეთის ფედერაციის აგრესიას რეგიონში.
დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება სადაც 4-5 დეკემბერს მიმდინარეობს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი.
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინასთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართება.

















