ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მიმდინარე წლის 4-5 დეკემბერს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი
გაიმართება, რომლის ფარგლებშიც 4 დეკემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა შედგება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხთა სრული სპექტრი იქნება განხილული. ასევე, შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას ყურადღება დაეთმობა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინასთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას მიეძღვნა. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საგარეო მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინასთან შეხვედრა კვლავ გაიმართება. ასეთ მაღალ დონეზე საქართველოს მონაწილეობით შეხვედრების გამართვა იმის დასტურია, რომ ალიანსი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს და შესაბამისად, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობას ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ასევე მონაწილეობას მიიღებს 5 დეკემბერს დაგეგმილ ჩრდილატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში. მინისტერიალის პარალელურად, საგარეო საქმეთა მინისტრის ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.

















