მიმდინარე წლის 4-5 დეკემბერს ქალაქ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს საგარეო საქმეთა
მინისტერიალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც 4 დეკემბერს საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა შედგება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხთა სრული სპექტრი. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას დაეთმობა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინასთან, რომელიც რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას მიეძღვნა. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს საგარეო მინისტერიალის ფარგლებში კვლავ გაიმართება შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან. ასეთ მაღალ დონეზე საქართველოს მონაწილეობით შეხვედრების გამართვა იმის ნათელი დასტურია, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და შესაბამისად, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობას ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ასევე მონაწილეობას მიიღებს 5 დეკემბერს დაგეგმილ ჩრდილატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში. მინისტერიალის პარალელურად, გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

















