საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თელავის რაიონის სოფელ კისისხევში მოსახლეობას შეხვდა.
პრემიერმა მეცნიერებათა აკადემიის
სოფლის მეურნეობის აკადემიკოსებთან და ადგილობრივ გლეხებთან ერთად, სეტყვის შედეგად განადგურებული ვენახების აღდგენითი ღონისძიებების საკითხი განიხილა.
მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი თხოვნით აკადემიის წევრები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი სამთავრობო პროგრამის განხორციელებაში.
პრემიერის თქმით, მეცნიერები სეტყვის შედეგად განადგურებული ვენახების და ხეხილის ბაღების აღდგენაში გლეხებს აქტიურ კონსულტაციებს გაუწევენ.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველა რეგიონზე გადავანაწილოთ მეცნიერებათა აკადემიის წევრები, რათა მათ ადგილზე გასცენ რეკომენდაციები გლეხებისთვის და მიიღონ დამატებითი ანაზღაურება. ეს ეხება არამარტო ვენახს, არამედ მეცხოველეობას და მეხილეობას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გლეხი იყოს ბოლომდე ინფორმირებული“- განაცხადა მერაბიშვილმა.
მეცნიერების რეკომენდაციით, უახლოეს მომავალში, ვენახებსა და ბაღებში სასუქების შეტანა დაიწყება.

















