საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ დღეს, „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
დოკუმენტი ქალაქ თბილისის მყარი ნარჩენების მართვის მიზნით 15 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, აღნიშნული თანხა მოხმარდება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სათანადო ტექნიკის შესყიდვას. პროექტს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ეფექტი ექნება და ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას მოემსახურება.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დღესვე, პროექტის ფარგლებში, საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.
დღეის მდგომარეობით, EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 200-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით 3 მილიარდი ევროა, საიდანაც 90% კერძო სექტორის განვითარებისკენაა მიმართული.

















