პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული კონფერენცია „ეროვნული პარლამენტების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციაში“ იმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენცია გახსნა და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია თავმჯდომარეობდა კონფერენციის ერთ-ერთ სესიას, თემაზე: კანონპროექტების თავსებადობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება.
სესიაზე განხილული იყო საქართველოს მაგალითი, როგორც წარმატებული მოდელი საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე . ეკა ბესელიამ კონფერენციაზე წარმოადგინა ბოლო პერიოდის სტატისტიკა, სადაც ჩანს საქართველოს პროგრესი და დადებითი დინამიკა ამ მიმართულებით.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტმა 2016 წელს რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მიიღო, რომელიც მისი ავტორობით და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერით მომზადდა.
„ამ ცვლილებებით ჩვენ საკანონმდებლო დონეზე დავნერგეთ საპარლამენტო კონტროლი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე და სწორედ ამის შემდეგ საქართველოს მაგალითს ეწოდა წარმატებული მოდელი“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
კონფერენციის მონაწილეები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის საკითხზე იმსჯელებენ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეესტრის საქმიანობას მიმოიხილავენ.
ეროვნული პარლამენტების წევრები წარმოადგენენ პრეზენტაციებს ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებით.
ერთდღიან კონფერენციას შემაჯამებელი სიტყვით დახურავს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ დელეგატები ათზე მეტი ქვეყნიდან.

















