საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ბრიუსელში, 2018 წლის 21 ნოემბერს,
საქართველოსა და ევროკომისიას შორის გამართული მაღალი დონის პირველი შეხვედრა თავისი შინაარსით უნიკალური და უპრეცედენტოა და მსგავსი ფორმატი ევროკავშირს არც ერთ სხვა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანასთან არ გააჩნია.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „კვირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს უბრალოდ არ ხდება. ეს არის დიდი აღიარება იმ რეფორმების კურსის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ყველა მიმართულებით ატარებს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით“ - განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ევროკავშირს მსგავსი ფორმატების მინიჭების მკაცრი კრიტერიუმები გააჩნია. და სწორედ იმ კრიტერიუმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელშესახები შედეგები გააჩნია ყველა მიმართულებით, მიღებულ იქნა უპრეცედენტო განცხადება.
„მე ვიტყოდი, რომ ეს ისტორიული მოვლენაა, და თავისი მნიშვნელობით, ის ფაქტიურად უტოლდება ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის შემოღებას“ - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ზალკალიანის თქმით, საქართველოს დელეგაციას საგნობრივი და შინაარსიანი მოლაპარაკებები ჰქონდა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, როგორც ევროკომიის პრეზიდენთან, ისე ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან. შეხვედრას ესწრებოდა 12 ევროკომისარი, რაც უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია.
როგორც მინისტრმა ინტერვიუში განაცხადა, შეხვედრა სეიოზული შედეგებით დასრულდა, კერძოდ, ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომელთა ფარგლებშიც საქართველო 231 მილიონიევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს. მკაფიოდ განისაზღვრა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც აღნიშნული თანხები განაწილდება: კერძოდ, ენერგოეფექტიანობა, მაკროეკონომიკური განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე სამ მილიარდნახევრიანი ევროს ღირებულების ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელთა ფარგლებშიც, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით 18 პრიორიტეტული სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი დაფინანსდება. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ასევე გონივრული სპეციალიზაციის კუთხით რეგიონების განვითრების თვალსაზრისით, იმისათვის რომ საქართველოს რეგიონების განვითარება იყოს თავსებადი ევროკავშირის რეგიონების განვითარებასთან.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუში განაცხადა, ყველა ზემოაღნიშნული ნაბიჯი საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასა და საქართველოს მოსახლოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროების გაუმჯობესებას ემსახურება.

















