ევროპარლამენტარმა, ჩარლზ ტანოკინმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და დემოკრატიულ მიმდინარეობას მიესალმება.საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ევროპარლამენტარმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის ევროპული პროექტების დამსახურების დაფასება აღსანიშნავია.
“საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ჩვენ მოხარულნი ვართ ვიხილოთ თქვენი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი ქვეყნის ეკონომიკის აყვავება. ვფიქრობ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ასოცირების შესახებ შეთანხმება, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობა, თქვენს ქვეყანას ეკონომიკურ სტაბილურობაში დაეხმარება. ჩვენ თქვენს გრძელვადიან ევროპულ მისწრაფებებს უპირობოდ ვუჭერთ მხარს. ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ძალაში ა.წ. მაისიდან შევიდა აღნიშნულ პროცესს ეხმარება,” - განაცხადა ჩარლზ ტანოკმა.
ჩარლზ ტანოკმა ასევე, რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელიც თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეას ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, ევროკავშირი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მილიტარიზაციას წინ უნდა აღუდგეს, ასევე აქტიურ დისკრიმინაციასაც, რომელიც ეთნიკური ქართველების მიმართ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარეობს.
“ვუერთდები ჩემს კოლეგებს, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. ბრიტანელი ევროპარლამენტარები საქართველოს ყოველთვის მტკიცედ უჭერდნენ მხარს, მის მიერ კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვას,”- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

















