საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური მდივნის
თანაშემწესთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელთან, ჯიჰან სულთანოღლუსთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას განხილულ იქნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესთან დაკავშირებული საკითხები. მხარეებმა რუსეთის ფედერაციის უკანონო ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. ამ ფონზე შეშფოთება გამოითქვა რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფარგლებში შეხვედრების ჩვეულ რეჟიმში, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით გამართვას და ძირს უთხრის მოლაპარაკებების ამ მნიშვნელოვან ფორმატს.
განსაკუთრებული ყურადღება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენებისა და დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას დაეთმო. დავით ზალკალიანმა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას ხაზი გაუსვა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯიჰან სულთანოღლუს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაერო-სა და მისი სააგენტოების ჩართულობასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

















