საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში შვეიცარიის
კონფედერაციის ელჩის, ლუკას ბეგლინგერის გამოსამშვიდობებელ საღამოს დაესწრო.
თავის სიტყვაში ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო-შვეიცარიის ორმხრივი ურთიერთობების გამყარებისა და გაღრმავების საქმეში ელჩის მიერ შეტანილ წვლილს და აღნიშნა, რომ ლუკას ბეგლინგერის ელჩობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზრდა ურთიერთობები პოლიტიკურ-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, ასევე კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში.
„გამოწვევებით სავსე დროში საქართველო და შვეიცარია განაგრძობენ ერთად დგომას. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ შვეიცარიის, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შუამავლობს თბილისსა და მოსკოვს იმ რთულ მოლაპარაკებებში, რომლითაც ვცდილობთ კონფლიქტის გადაწყვეტის გზების მოძებნას. გარდა ამისა ძალიან გვამხნევეს ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში ბოლო დროს მიღწეული წარმატებები, ამის ნათელი მოწმობაა შვეიცარიული კომპანიების გაზრდილი წარმომადგენლობა საქართველოში და ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების EFTA-Georgia-ს გაფორმება“ ¬-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ორმხრივ კულტურულ ურთიერთობებს და ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს ზოფინგენის ლიტერატურულ დღეებზე საქართველოს, როგორც ძირითად წარმომადგენელ ქვეყანად წარმოჩენას, ასევე თბილისსა და ბერნს შორის ერთობლივი ძალისხმევით აკაკი და კიტა ჩხენკელების უნიკალური არქივის საქართველოსთვის გადმოცემის ფაქტს.
გამოსამშვიდობებელ საღამოს დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა ფოტო-გამოფენა „შვეიცარია-საქართველო“, რომელიც ორი ქვეყნის ბუნების პეიზაჟებს ასახავს.
„მოხარული ვარ ელჩთან ეთად გავხსნათ ფოტო-გამოფენა “Switzerland-Georgia”, რომელიც განსაკუთრებით ხაზს უსმევს ჩვენი ულამაზესი ბუნების მქონე ქვეყნების მსგავსებას, ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო აახლოებს ჩვენ ქვეყნებს და ხალხებს ერთმანეთთან.“ ¬¬-აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა თავის გამოსვლის ბოლოს.
მინისტრის მოადგილემ წარმატებები უსურვა ელჩს მის სამომავლო კარიერულ გზაზე. ლუკას ბეგლინგერი შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოში უკანასკნელი 3 წელი ხელმძღვანელობდა.

















