საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, თუ კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი
ლიდერი კახი კალაძე თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს წარადგენს, მის მიმართ ყველა კითხვა მოიხსნება.
ამის შესახებ წიკლაურმა კალაძის საბანკო ანგარიშიების დაყადაღების საკითხის შეფასებისას განაცხადა.
„ფაქტია, 1 მლნ აშშ დოლარზე მეტი საბანკო ანგარიშებიდან გამოიტანეს და ის საბანკო სექტორში არ ჩანს, რაც სამართალდამცავების თქმით, ეჭვს ბადებს. ასეთი ფაქტით სამართალდამცავები ნებისმიერ ქვეყანაში ინტერესდებიან“ - აღნიშნა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ჯერ პროკურატურას რაიმე სახის მტკიცებულებები არ წარუდგენია თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე, თუმცა, ეჭვის არსებობის გამო ანგარიშები დაყადაღდა.
„კალაძის მიმართ ბრალდება წარდგენილი არ არის. თუ კალაძეს იმის დოკუმენტაცია ექნება, რომ ეს თანხა რაღაცის შესაძენად გამოიყენა, მის მიმართ ნებისმიერი ეჭვი გაქრება“ - მიაჩნია მმართველი პარტიის წევრს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრი თუ დოკუმენტაციას ვერ წარადგენს, მაშინ გონივრული ეჭვის საფუძველზე სამართლებრივი პროცესების გაგრძელებისთვის მეტი საფუძველი იქნება.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შეფასებას კალაძის პოლიტიკურ დევნაზე, ნუგზარ წიკლაურის თქმით, აღნიშნული განცხადებები არაარგუმენტირებულია.
„პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მაღალია. ბევრი პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ნებისმიერი ქმედება პოლიტიკურ ინტერესს მიაწეროს. ამ შემთხვევაში კი, მხოლოდ სამართლის ენაზე უნდა ვისაუბროთ“ – მიაჩნია წიკლაურს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მიიღო.

















