პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 20 ივლისის ბრძანებულებას
-„მოქალქეთა პოლიტური გაერთიანებების დაფინანსების გამჭირვალეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ აპროტესტებს.
პარტიის საერთაშორისო მდივნის თეიმურაზ მურვანიძის განცხადებით, „საქართველოს გზა“ ამ გადაწყვეტილებას ერთპარტიული სისტემის აღორძინების მცდელობად აფასებს, რომელიც მულტიპარტიულ დემოკრატიას პირდაპირ დარტყმას აყენებს.
„ამით ხელისუფლება კიდევ ერთხელ, ხელოვნურად ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო გააქტიურება. ცვლილებები შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რის საფუძველზეც პოლიტიკურ პარტიებს პირდაპირ ეკრძალებათ ნაღდი ანგარიშსწორებით საქმიანობის წარმოება და უწესდებათ ლიმიტი 1000 ლარის ოდენობით თვეში“- განაცხადა თეიმურაზ მურვანიძემ.
მისივე თქმით, ამასთანვე, პარტიამ 24 საათით ადრე უნდა მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მხოლოდ ამის შემდგომ აქვს უფლება გაიტანოს თანხა საკუთარი ანგარიშიდან.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილება პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ყველა მოქალაქეს და მოქალაქეთა გაერთიანებებს მინიჭებული აქვთ თავისუფალი და შეუზღუდავი მოღვაწეობის უფლება და ასევე, ზღუდავს პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიისთვის აუცილებელი მოღვაწეობის შესაძლებლობებს.
„საქართველოს გზა“ მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს და დიპლომატიურ მისიებს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი დამოკიდებულება გამოხატონ.

















