პოლონეთის საელჩოს პატრონაჟით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო
დარბაზში 18 ნოემბერს პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. მოწვეულ სტუმრებთან ერთად კონცერტს ოფიციალურად პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი გახსნის.
კლასიკური მუსიკის კონცერტზე, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თანადაფინანსებით გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ როგორც პოლონელი, ასევე ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები: ლელა მჭედლიძე (ვიოლინო), ნინო ჟვანია (ფორტეპიანო), იოანა აიერსი (ვოკალი), კამილ ურბანსკი (ფორტეპიანო), გიორგი შავერზაშვილი (ფორტეპიანო), ვილი გრიგორიანი (ვოკალი), პოლონიის გუნდი ნანა კალანდაძის ხელმძღვანელობით (კომპოზიტორი, დირიჟორი, არანჟირების ავტორი), პოლონური სკოლის მოცეკვავეთა და ვოკალისტების ანსამბლი „არწივის მართვეები”, ტრიო „ბრავო”.
სპეციალურად ამ კონცერტისთვის თბილისში ცნობილი პოლონელი კომპოზიტორი, დირიჟორი და არანჟირების ავტორი კამილ ურბანსკი ჩამოვიდა , რომელიც ვარშავის ჯაზ პიანისტების ფესტივალის მთავარი ჯილდოსა და ჯაზის ბიელსკა ზადიმკას გრან პრის მფლობელია. მას თავისი ალბომისთვის „ინტერპლეი ჯაზ დუო“ გადაეცა პოლონეთის ფონოგრაფიის ინდუსტრიის პრესტიჟული ჯილდო - ფრედერიკ 2013. მისი კონცერტები გაიმართა, როგორც პოლონეთში, ასევე აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ბელგიაში, დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ვენესუელაში და მრავალ სხვა ქვეყანაში.
კონცერტის თემატური პროგრამა XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისში მოღვაწე პოლონელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი მევიოლინეს კონსტანტინე გორსკის მივიწყებული ნაწარმოებების პრემიერას და ასევე პოლონური პატრიოტული სიმღერების შესრულებას მოიცავს.
კონცერტის ფარგლებში მუსიკალური კონკურსის „კონსტანტინე გორსკის კვალდაკვალ” გამარჯვებულებს გამოავლენენ და მათ პოლონეთის რესპუბლიკის სენატის კანცელარიის, პოლონიის ბიუროს დირექტორის სპეციალურ ჯილდოების გადასცემენ.

















