პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, დეპუტატ გია ცაგარეიშვილის შეფასებით, ფეხბურთელის კახი კალაძის
„ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირად გამოწვევად აღიქვამს.
როგორც ცაგარეიშვილმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის კახი კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შეფასებისას აღნიშნა, ხელისუფლება ოპოზიციასთან მიმართებაში ბანდიტურ ქმედებებს აგრძელებს.
„აყადაღებენ ყოფილი სპორტსმენის ანაგრიშებს, რომელიც მთელი ცხოვრება თავისი სპორტული მიღწევებისთვის მრავალმილიონ გასამრჯელოს იღებდა. ამ ადამიანის შემოსავალი ეჭვქვეშ არ დამდგარა ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში“ – აღნიშნა ცაგარეიშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას და დასძინა, რომ კალაძის ანგარიშების კანონიერების „ეჭვქვეშ დაყენება“ რატომაც ხდება საქართველოში ყველამ იცის.
მისივე თქმით, ხელისუფლებას პანიკური შიში აქვს კალაძის მსგავსი მებრძოლი ადამიანების, რომლებიც ხალხში შეულახავი ავტორიტეტით სარგებლობენ.
„მიხეილ სააკაშვილმა კალაძის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანება, ივანიშვილის მხარდაჭერა პირად გამოწვევად მიიღო და სწორედ მისი ბრძანებით ხდება ყველაფერი“ – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებს, 25 ივლისს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის გადაწყვეტილებით ყადაღა დაედო. ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, კალაძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ედება ბრალი.

















