საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხვალ, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის
შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს მოიცავს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც ქართულ დიასპორაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტზე ისაუბრებს. მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საკვირაო სკოლების საქმიანობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, რატი ბრეგაძე წარსდგებიან.
სახელმძღვანელოები აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. საზღვარგარეთ ფუნქციონირებს 84 ქართული საკვირაო სკოლა და 11 ქართული ენის შემსწავლელი კურსი, რომელშიც 3 000 მდე 6-14 წლის ბავშვი სწავლობს.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქართული ენის კურსის ფარგლებში სწორედ საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხების სწავლებასაც გაერთიანებული სწავლების პრინციპით. საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო სწორედ ამ ინტეგრირებულ პროგრამაზე დაყრდნობით შეიქმნა.
გასულ წელს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორის წარმომადგენელთა მაღალი ჩართულობით შეიმუშავა სტრატეგიული დოკუმენტი „ერთიანი ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, რომლის მიზანია დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა.

















